დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით პირველ რიგში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან.
როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ამის შემდეგ პრიორიტეტი ხანდაზმულებს და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანებს მიენიჭებათ.
"ყველა თანხმდება, რომ პირველი, ყველაზე მაღალი რისკ ჯგუფი არიან ჩემი კოლეგები, ანუ პირველი აიცრება ყველგან ალბათ სამედიცინო პერსონალი. აშშ-ც იწყებს სამედიცინო პერსონალით აცრას, რადგან ყველაზე მოწყვლადი ვართ ჩვენ - ექიმები და სამედიცინო პერსონალი. მეორე რისკ ჯგუფი იქნება უკვე ხანდაზმულები და სადაც არის სხვა თანხმლები დაავადებები, როგორიცაა ფილტვის დაავადებები, დიაბეტი, გულსისხლძარღვთა სისტემის დაავადებები. დანარჩენი კიდევ იქნება განხილული", - თქვა გამყრელიძემ.
რაც შეეხება კითხვას, რომელ ვაქცინაზე შეაჩერებს არჩევანს საქართველო, გამყრელიძემ თქვა, რომ ე.წ. კოვაქს პლატფორმა, რომელშიც საქართველოა გაერთიანებული, ამ დროისთვის ოქსფორდის, ფაიზერის და მოდერნას ვაქცინებს სწავლობს.
"ე.წ. კოვაქვს პლატფორმა, რომელშიც საქართველოა გაერთიანებული, შეისწავლის რამოდენიმე ვაქცინას, რომელიც იქნება დამტკიცებული სამი ძლიერი მარეგულირებელის - ამერიკის წამლის სააგენტოს, ევროპის წამლის სააგენტოს და იქნება პრეკვალიფიცირებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ. ეს იქნება ოქსფორდის, ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინა. საქართველოსთვის ხელმისაწვდომი იქნება ის ვაქცინა, რომელსაც დასტურს მისცემს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია“, - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, სამიდან ორ კომპანიას - ფაიზერს და მოდერნას ლოჯისტიკის გართულებული მექანიზმი აქვს. კერძოდ, თუ ჩვეულებრივ ვაქცინების გადატანა და შენახვა 2-დან 8 გრადუსამდე ტემპერატურაზე ხდება, ფაიზერის შემთხვევაში ეს -70 გრადუსია, ხოლო მოდერნას შემთხვევაში - -20 გრადუსი. გამყრელიძის განცხადებით, სწორედ ამიტომ, სხვადასხვა კომპანიებთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს, რათა ქვეყანა შესაბამისი სამაცივრე დანადგარებით იყოს აღჭურვილი.
ამასთან, NCDC-ს დირექტორის ინფორმაციით, ქვეყანას კორონავირუსის ვაქცინა მოსახლეობის 20%-სთვის უკვე შეკვეთილი აქვს.
"ჩვენ შეკვეთილი გვაქვს ვაქცინა მოსახლეობის 20%-ის მოცვისთვის, ეს არის დაახლოებით 700 000 ადამიანი. ვაქცინა კეთდება ორჯერადად სამი ან ოთხი კვირის გამოშვებით, ამიტომ საჭიროა, მილიონ 400 ათასი დოზა ქვეყანაში ამ 20%-ის მოსაცავად. ეს წინასწარი გაანგარიშებით ჯდება 17 მილიონ დოლარამდე. 4 მილიონი დოლარი, წინასწარი შენატანი უკვე გადარიცხულია. როგორც კი ჯანმო დაამტკიცებს, ეს ვაქცინა იქნება საქართველოსთვის ხელმისაწვდომი", - განაცხადა გამყრელიძემ.
მისივე თქმით, მთავრობა ალტერნატიულ გეგმებზეც მუშაობს და შესაძლოა, ვაქცინასთან დაკავშირებით კომპანიებთან პირდაპირი მოლაპარაკებები აწარმოოს.
"ვმუშაობთ ალტერნატიულ გზებზეც. არ გამოვრიცხავთ პირდაპირ მოლაპარაკებებს სხვადასხვა კომპანიებთან, რაც შეიძლება ქვეყანას უფრო ძვირი დაუჯდეს. თუ უფრო ადრეულ ეტაპზე იქნა ხელმისაწვდომი ვაქცინა, საქართველოში რაც შეიძლება მალე გახდეს ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის ვაქცინაცია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
საქართველოში დღეს, 24 ნოემბერს, კორონავირუსის 3 128 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში ვირუსისგან განიკურნა 3 045 ადამიანი, 39 კი გარდაიცვალა.